წვევამდელებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს.

წვევამდელებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი დაასრულეს. საბრძოლო მომზადება განახლებულია და იმ კურსს შეესაბამება, რომელსაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველები გადიან. კურსის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე მომზადებას, სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ, ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფებში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელები ახალი სისტემით იმსახურებენ. მათ საბრძოლო მომზადების საათები ყოველდღიურად ექნებათ, ისევე, როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას თითქმის ყველა სწავლებაში მიიღებენ, რაც კი, შესაბამის ქვედანაყოფში ჩატარდება. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.

უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულთა საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიალი ალგეთის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. წვევამდელებს კურსის წარმატებით დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა როინ ფაილოძემ და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ მიულოცეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული მსახური უსურვეს. დღესვე, რეკრუტებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ.

დღესვე უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უფროსი სერჟანტი მალხაზ გორელიშვილი დაჯილდოვდა. მან მედალი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული ოცწლიანი სამსახურის გამო მიიღო. 

საზეიმო ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც ღონისძიების დასრულების შემდეგ ჯარისკაცებთან გასაუბრებისა და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცათ. 

ახალწვეულების პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, მამა ალექსანდრემ დალოცა.