უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის ბიოგრაფია

უფროსი სერჟანტი  ზაზა ფერაძის მოკლე ბიოგრაფია 

2002 წლის ივლისში ჩაირიცხა  კომანდოს ბატალიონში, 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ცხინვალის კონფლიქტურ მოვლენებში, 2004-2005 წლებში იმყოფებოდა ერაყის რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიით, 2005 წელს დაინიშნა ეროვნული სასწავლო ცენტრ ,,კრწანისი”-ში (BCT) კურსზე ინსტრუქტორად. 2008 წლის ივლისის შუა რიცხვებში გადაინიშნა IV ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში სნაიპერების ჯგუფის მეთაურად  და ამავე ქვედანაყოფთან ერთად მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს  უთანასწორო  ომში.

ეს მისი მეორე ომი იყო, აფხაზეთის უსამართლობას მის გულში სამუდამო იარა დაეტოვებინა… ცხინვალიდან ორჯერ ცოცხალი გამოვიდა და მის განკარგულებაში მყოფი ჯარისკაცები გამოიყვანა ალმოდებული ქალაქიდან. თავად მხარში იყო დაჭრილი, თუმცა მესამედაც შებრუნდა ქალაქში განსაცდელში მყოფი  ჯარისკაცების დასახმარებლად. თანამებრძოლებმა უთხრეს, სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო… რაზეც ზაზას პასუხი იყო „ვინც იქიდან უნდა გამოვიყვანო, მათ ჯერ არც ცოლი  ჰყავთ და არც შვილები.“

ცხინვალში შებრუნებულს მეორე ტყვია ხელში მოხვდა, თუმცა უკან არ დაუხევია. მის წინ სნაიპერმა 7 ქართველი მოკლა. გამწარებულმა სნაიპერი შორიდან შენიშნა და მისკენ დაიწყო გადაადგილება ისე, რომ ვერ შეემჩნიათ… სნაიპერმა ზაზა მართლა ვერ დაინახა, თუმცა მის უკან მიმავალ ქართველს ესროლა. სნაიპერის ტყვიამ ზაზა სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს, როცა დაჭრილი თანამბრძოლის გადასარჩენად უკან მიბრუნდა. 

დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, 2008 წ.