სასწავლო პროცესი

საწყისი საბრძოლო მომზადება

10 კვირა სამოქალაქოდან სამხედრომდე

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი სამოქალაქოებს გარდაქმნის ჯარისკაცებად. ათი კვირის განმავლობაში რეკრუტები შეისწავლიან სადისციპლინო და სამწყობრო წესდებებს, ტაქტიკისა და საცეცხლე მომზადების საფუძვლებს, დატვირთული იქნებიან ფიზიკური მომზადებით და შეითვისებენ სამხედრო ცხოვრების ჩვევებს. რეკრუტები აგრეთვე გაივლიან სახელმწიფოებრივი მომზადების საფუძვლებს. 

 

ზოგადი ინფორმაცია

მიმოხილვა

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში სამოქალაქო პირთა მიღებას, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი იწყებს რეკრუტთა შერჩევის პროცესს. შერჩევის პერიოდი დამოკიდებულია შესარჩევ რეკრუტთა რაოდენობაზე და საშუალოდ მოიცავს პერიოდს ორ თვემდე. კანდიდატები გაივლიან ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და სამედიცინო შემოწმებებს რომელთა შედეგებიც განაპირობებს კანდიდატთა კურსზე ჩარიცხვა-არჩარიცხვის სტატუსს. დადებითი პასუხის შემთხვევაში შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე გამოცხადების თარიღი და ადგილი.

შერჩევის პროცესზე გამოცხადებისას პირმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ასლთან ერთად, ფერადი ფოტოსურათი 3/4-ზე (დაბეჭდილი სახით), ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) ასლთან ერთად, სამხედრო ბილეთი ასლთან ერთად ან რაიონული სამხედრო სამობილიზაციო განყოფილებიდან მიწერის მოწმობა, სპორტული ფორმა და ფეხსაცმელი.

სანამ ჯარისკაცის ცხოვრებას შეუდგებით საჭიროა იცოდეთ რა უნდა იქონიოთ თან, რა არ უნდა წამოიღოთ და როგორ მოამზადოთ საკუთარი თავი სამხედრო ცხოვრების დასაწყებად. საჭირო ინფორმაცია კურსის შესახებ, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე და გამწვევი კომისიისაგან.